“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის განცხადებით, პურის ფასი 10 თეთრით გაძვირდა. ღირებულების გაზრდა კი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულებას უკავშირდება.
მალხაზ დოლიძის განმარტებით, სუბსიდირების ფარგლებში მწარმოებლებს ფქვილი 53 ლარად მიეწოდებოდათ, პროგრამის დასრულების შემდეგ კი ფქვილის ფასი 60-62 ლარამდე გაიზარდა.
მისი თქმით, ზოგიერთ ქსელში პურის ფასმა 15 თეთრითაც მოიმატა, თუმცა აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ასოციაცია ვერ იქნება.
''დღეს ფქვილის ღირებულება წისქვილებიდან არის 60-61-62 ლარი, ამის გამო მწარმოებელი იძულებული გახდა ზოგიერთ ასორტიმენტზე კორექტირება შეეტანა. მხედველობაში მაქვს ქვის, თეთრი, ბატონისებური პური, პირველი ხარისხის პური, ფასი დაახლოებით შეცვლილი არის 10 თეთრით.
ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიებზე. იცით ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა საკუთარი შეხედულებისამებრ შეიძლება ცოტა მეტი ფასიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ არასწორი იქნება მათი მხრიდან, თუმცა ეს არ არის გამორიცხული. მაქვს სიგნალები. მითხრეს, რომ ზიგიერთ მაღაზიაში 10 კი არა 15 თეთრით გაიზარდა”, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ფასი, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება.