“დაისაჯოს ყველა მოძალადე“, “ჩემი კოლეგა ძალადობის მსხვერპლია“ _ ამ სლოგანებით ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლები. მათ დაგმეს 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს.
მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა. აქციის მონაწილეები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი კოლეგის ოჯახს. ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა. იგი 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.