იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული, წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
ვანო ჩხაიძის თქმით, ბავშვებში ე.წ. ინდური შტამის გავრცელება მეტია, ვიდრე სხვა ვარიანტების.
„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების.
საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის ნიმუშების სექვენირების პროცესი, რათა დადგინდეს, რა შტამით არიან ბავშვები ინფიცირებული.
ინფიცირებულთაგან ორი ორი თვის ჩვილია, ერთი კი ორი კვირის ახალშობილია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული დელტა შტამი ბავშვებშიც იყოს, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებში ამ ეტაპზე მოზარდები არ ფიქსირდებიან.