რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

05 ივლისი 2021, 14:23 770 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა. 

ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში ჩაარტყეს.

თიკო სუსარეიშვილი იხსენებს, რომ ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გამოიყვანეს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა კი სამართალდამცველების ავტომობილიც დააზიანეს. 

''ჩართვის დასრულების შემდეგ სიტუაცია ისევ დაიძაბა და ოპერატორ კოტე გრიგალაშვილთან ერთად გადასაღებად წავედით. დავინახეთ, რომ ''მთავარი არხის'' ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემდეგ კი აგრესიულად ჩვენსკენ წამოვიდნენ,  პოლიციამ ეს დაინახა და გამოგვიყვანა, ისინი კი მოგვსდევდნენ. რადიკალურად  განწყობილი ჯგუფები პოლიციის მანქანასაც დაესხნენ თავს. ცდილობდნენ  ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ'' - ამბობს თიკო სუსარეიშვილი. 

მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ''პალიტრანიუსისა'' და ''მთავარი არხის'' წარმომადგენლებიც. 

დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაზიანებულია მათი ტექნიკაც. თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი გმობს მედიაზე განხორციელებულ თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს დროულად მოხდეს რეაგირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში