''ღირსების მარშის'' პარალელურად რუსთაველის გამზირზე და ქაშუეთის ეკლესიასთან კონტრაქციის მონაწილეები იკრიბებიან 

05 ივლისი 2021, 10:17 1060 ნახვა

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დღეს ე.წ. ღირსების მარში იმართება. "გამოდი სოლიდარობისთვის" - ასეთია წლევანდელი შეკრების სლოგანი.

მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან დედაენის ბაღამდე იგეგმება, თუმცა არ არის გამორიცხული ღონისძიების დრო და ადგილი შეიცვალოს. პრაიდის ორგანიზატორები, მოსალოდნელი კონტრაქციიდან, შესაძლო ძალადობის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს და საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას დღის პირველ ნახევარში გაავრცელებს.

''ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

,,ღირსების მარშის'' პარალელურად კონტრაქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან. მათ შორის რუსთაველის გამზირზე. ქაშუეთის ეკლესიაში კი პარაკლისი რამდენჯერმე ჩატარდება. 

ქაშუეთის ტაძრის გარდა შეკრება უკვე დაწყებულია 9 აპრილის ბაღშიც.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაანონსებული შეკრება, "თბილისი პრაიდის" ღონისძიების პარალელურად იმართება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი