იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც მდინარეში ბოთლები ჩაყარა - გარემოსდაცვითი  დეპარტამენტი

01 ივლისი 2021, 15:58 2378 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც მოქალაქე დიდი ოდენობით პლასტიკის ბოთლებს ყრის მდინარეში, ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დადგენილია აღნიშნული პირის ვინაობა.
 
''ამ ეტაპზე უკვე დადგენილია, რომ სამართალდარღვევა მოხდა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე დადგენილია სამართალდამრღვევის ვინაობა. სამმართველოს თანამშრომლები, სამართალდარღვევის ადგილის დათვალიერებას ახორციელებენ.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 300 ლარამდე;

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნარჩენით) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 6 000 ლარია;

ნარჩენების მართვის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით'' - წერია განცხადებაში. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი ქართული სანომრე ნიშნიანი ავტომობილით დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლებს მდინარეში ყრის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში