საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა იენს სტოლტენბერგს ნატო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს ნატო-სთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით.