ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ''ასტაზენეკასთან'' დაკავშირებულ ხარვეზებს აუდიტის სამსახური ისევ სწავლობს, იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
თამარ გაბუნიას თქმით, დოზების დაკარგვაზე საუბარი უტრირებულია. მინისტრის მოადგილის განმარტებით, დანაკარგი ვაქცინაციის პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა.
''ასტრაზენეკას'' ვაქცინები ქვეყანამ კოვაქსის პლატფორმიდან შეისყიდა 129 000 დოზა, აქედან 86 000 დოზა მიიღო იმ ვადებში, რა ვადაშიც იყო დადგენილი, დანარჩენს კი ველოდებოდით მაისის დასაწყისიდან. გარკვეული მიზეზების გამო ეს გადავადდა და ბოლო ვადა იყო 22 ივნისი. ამ თარიღზე იყო აწყობილი ლოჯისტიკურად მიწოდების სქემა. ესეც გადავადდა და ამან გამოიწვია შეფერხება.
რაც შეეხება დოზებთან დაკავშირებულ პრობლემას. გახმოვანდა არაერთხელ, რომ რაღაც დოზა დაიკარგა, სადღაც გაქრა. ეს ყველაფერი არის სიტუაციის უტრირებული აღწერა.
დოზების დანაკარგი არის ტექნიკური ტერმინი ვაქცინაციის პროგრამაში და გეგმაშიც პროგნოზული დანაკარგი არის 15%. ჩვენ შემთხვევაში გამომდინარე იქედან, რომ ''ასტრაზენეკას'' ვაქცინა არის 10 დოზიანი, ყველაზე მაღალი დანაკარგი გამოვიდა და ეს არის 3%, რაც საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით არის საკმაოდ დაბალი.
''სინოვაკის'' და ''სინოფარმის'' დოზების დანაკარგი არის ნული. ''ფაიზერის'' შემთხვევაში 0,3% რაც ასევე მექანიკურ დაზიანებას უკავშირდება. დანაკარგის ფაქტორი ეს არის მიმდინარე, ჩვეულებრივი მოვლენა ვაქცინაციის პროცესში.
რაც მოხდა ხარვეზი და რასაც აუდიტის სამსახური სწავლობს, არ გვინდა, რომ მომავალში, როცა ვაქცინაციის მასშტაბი იქნება დიდი, ისევ განმეორდეს. ყოველდღიური მიწოდების პროცესში არ უნდა შეფერხდეს ვაქცინის გადაცემა, მისი შენახვის ადგილიდან მიმწოდებელ დაწესებულებამდე. პირველ რიგში, ეს ხარვეზი გამოვლინდა და ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური დეტალებს სწავლობს, რადგან ლოჯისტიკის ჯაჭვი იყოს სრულად გამართული და მსგავსი პრობლემა არ შეიქმნას.
მოსახლეობის ნაწილი დარეგისტრირდა პირველ დოზაზე, მათი აცრის გადავადება პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს, მთავარია რომ მეათე და მეთორმეტე კვირაზე ვისაც უწევს ვაქცინაცია არ შეფერხდეს. ეს პრობლემაც მალე მოგვარდება, რადგან დამატებით დოზებს ველოდებით უახლოეს პერიოდში'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ.