აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზეც გეგმავს, სადაც კოტეჯებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები, საკოცონე სივრცე და საპიკნიკე ზონა განთავსდება.
მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.
''მოგზაურებს საშუალება ექნებათ კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკის 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორიაა, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება'' - აცხადებენ დეპარტამენტში.