ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

23 ივნისი 2021, 11:50 2098 ნახვა

ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. დღეს, პარტია ''ლელოს'' ბათუმის ოფისში,  ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უდანაშაულობა უნდა დადგინდეს და ისინი ციხიდან გაათავისუფლონ. ამ საქმეში კი მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

მისივე თქმით, ოჯახს დაკავებულებთან ბოლო 20 დღის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია. 

''4 მეზღვაური, რომელიც იმყოფებოდა შორეულ ნაოსნობაში, დღეს უკანონო პატიმრობაში არიან. ჩვენ მოვითხოვთ პრემიერისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან, აჭარის მთავრობისგან, ჩაერთონ მეზღვაურების დახსნის პროცესში.

ოჯახის წევრებს ჯერ-ჯერობით პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ გააჩნიათ, 20 დღის განმავლობაში კომუნიკაცია არ შემდგარა დაკავებულებთან, ისინი იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში ესპანეთში, მათ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, თუ რა ტვირთი გადაჰქონდა გემს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ რიგითი მეზღვაურები არიან. საქართველოს სახელმწიფო უნდა დადგეს საკუთარ სიმაღლეზე.

ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და ხელისუფლებას მივმართავთ პასუხისმგებლობის განაწილების მოთხოვნით და მზად ვართ საგარეო რესურსების მოძიებით დავიწყოთ მუშაობა და დავიხსნათ ჩვენი 4 მოქალაქე უკანონო პატიმრობისგან'' - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის დედა აცხადებს, რომ მეზღვაურები თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა მოატყუეს და მათ გემზე არსებულ ტვირთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. 

ოჯახებს კი არ აქვთ ფინანსური საშუალება ადვოკატი დაიქირავონ. 

''მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს და დახმარებას ვთხოვთ. ჩვენი უდანაშაულო შვილები იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში. ისინი თურქულმა კომპანიამ მოატყუა. დაგვეხმარონ, დაუნიშნონ სახაზინო ადვოკატები. იქ ვინც არის ვერაფერს ვერ აკეთებს და ჩვენც გვიჭირს კონტაქტი, ენის ბარიერის გამო. ადვოკატს ჩვენი ფინანსებით ვერ დავიქირავებთ დიდ  ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენი შვილები ასეთ საქმესთან კავშირში არასდროს არ ყოფილან, უდანაშაულო ბიჭები ესპანეთის ციხეში გამოკეტილები არიან'' - განაცხადა დანიელ ცეცხლაძის დედამ ბრიფინგზე. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, დაკავებული ქართველ მეზღვაურების საქმეში ჩართულია სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი ქართველ მეზღვაურებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან. მათ სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ და ამ ეტაპზე ესპანეთში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ესპანეთში 4 ქართველი მეზღვაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ 23 თებერვალს გაავრცელა.  მათივე ინფორმაციით, გემს, რომელზეც მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3 ათასი კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა.

ქართველი მეზღვაურების გარდა დაკავებულია 5 თურქი მეზღვაურიც. პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-ი​​ ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა გემზე მყოფი ეკიპაჟის დაკავება. ეკიპაჟმა გემი ჩაძირა, რათა სავარაუდოდ, მტკიცებულებები გაენადგურებინათ რის შემდეგაც მეზღვაურებმა გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ კოკაინი ამოიღო და ეკიპაჟის წევრები დააკავა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში