სალიბაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. 15 ოჯახი მშენებარე ავტობანის გამო ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვს. იყო ინციდენტი, პოლიციასა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ პოლიციამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ზაზა ხუნდარიძის თქმით, პოლიციას მისი ტერიტორიიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სურდა.
''დღეს დილით, ფერმასთან მივედი. აღნიშნულ ადგილას კი ტრაქტორი მუშაობდა, ძლიერი ვიბრაცია იყო და ვთხოვე შეჩერებულიყო, მან კი პოლიცია გამოიძახა. მოვიდა პოლიცია, ჩემს მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ. შევეწინააღმდეგე, არ დამირტყამს. ფეხი დავუჭირე, რომ არ ჩავესვი მანქანაში. შემდეგ კეფაში ჩამარტყეს ხელი. ტრაქტორისტი იტყვის, რომ მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ბიჭებს გადაღებული ჰქონდათ ვიდეო და დაემუქრნენ წაშალეთ თორე დაგიჭერთო'' - ამბობს აქციის მონაწილე.
სამართალდამცველების თქმით კი, აღნიშნულმა პირმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
''ეს ყველაფერი აბსურდია. ჩემს თანამშრომელს არავისთვის ზედმეტი არ უკადრებია, არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია. პირიქით მისი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება. არის შესაბამისი უწყებები, შეუძლიათ მიმართონ და რა თქმა უნდა თუ პოლიციელს გადაცდომა აქვს, მიიღებენ მკაცრ ზომებს'' - განაცხადა სამართალდამცველმა.
მოქალაქეები ამბობებენ, რომ ავტობანის მშენებლობის გამო მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია. მძიმე ტექნიკის მუშაობის შედეგად დაბზარულია კედლები, რაც მათ სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივების ინფორმაციით გზის მშენებლობის დაწყებამდე მათ ტერიტორიიდან გასახლებას დაჰპირდნენ, თუმცა პროცესის დაწყების შემდეგ უარი უთხრეს.
''ჩემს სახლს საყრდენი კედელი დაუზიანდა. კედლები დაბზარულია. სადაც გამაგზავნეს ყველგან შევიტანე განცხადება. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. სამუშაოების დროს სახლი ზანზარებს. გუშინ გარეთ გამოვიქეცით, რომ გავედით გაიყვანეს ტექნიკა და წავიდნენ. დღეს დილიდან ისევ დაიწყეს მუშაობა. აქამდე სახლის რემონტს ვითხოვდი, ახლა რემონტი აღარ უშველის და გასახლებაა საჭირო. მაინცადამიანც მსხვერპლია აუცილებელი ყურადღება რომ მოგვაქციონ? - განაცხადა სალიბაურის მკვიდრმა, რომლის სახლიც ავტობანთან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.
აქციის მონაწილეებთან დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც მივიდა. მისი თქმით, მოსახლოებას აჭარის ფინანსთა მინისტრი დახმარებას დაპირდა, მაგრამ სანაცვლოდ ტექნიკა და პოლიცია მოვიდა.
''ეს არ არის პირველი საპროტესტო აქცია, რამდენიმე ხნის წინაც გვქონდა მთავრობის სახლთან. მაშინ შედგა მოსახლეობასა და ფინანსთა მინისტრთან დიალოგი. სამი საკითხი დავაყენეთ. პირველი: კომპანიამ დაასაწყობა ძალინ დიდი მოცულობის მიწის მასა და გაჩნდა ორმოები, რაც წვიმისა და მდინარის ადიდების დროს საფრთხე შეუქმნა ბავშვებს. მეორე: მშენებლობის დროს სახლებზე გაჩნდა ბზარები. მესამე: ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა კომპანიამ ყველა ამ ოჯახს უთხრა, რომ თქვენ გასახლებას ექვემდებარებითო, როცა გაიყვანეს გზა ეს ხალხი დაივიწყეს'' - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.