ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ივლისიდან საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა იგეგმება.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, იმ დოზების ხარჯზე რომლის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში.
მისივე თქმით, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა.
"ჯამურად დღეს მოქმედებს 200-მდე ბრიგადა, დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენივეს მობილიზება. ყველაზე ნაკლები დამატების საჭიროებაა თბილისშია, თუმცა აქ დღეს მაღალი მოთხოვნის გამო ადგილები მუდმივად შევსებულია. რეგიონებში თვის მანძილზე, რომ მივიღოთ ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაწყებულია კონსულტაციები მოლების ხელმძღვანელობასთან, ასევე გამოინახა დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ ვაქცინაციას იმ პირებისთვის ვინც მათ მიმართავს.
"ასევე იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა. ეს მოხდება ვაქცინაციის ოფიცრების დახმარებით, მასში ჩართული იქნებიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილი და ივლიან სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.