დეესკალაციას აქვს ორი მხარე, გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ჰესის მშენებლობას აპროტესტებს - ნათია თურნავა

14 ივნისი 2021, 13:53 1036 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით საერთაშორისო მედიაციის პროცესი დაიწყო. ნათია თურნავას განმარტებით,  პირველი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული დავების საბჭოს მედიაციით უკვე გაიმართა.

მისივე განცხადებით, 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი.

"საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა. პოზიციები იყო დაფიქსირებული, მნიშვნელოვანია საბოლოო დასკვნაში რაც გამოქვეყნდა, აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია   პროექტის ირგვლივ. ხეობა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ პირობებს და ცხოვრებას. ეს ჩვენი ძალიან დიდი სურვილიცაა.  დეესკალაციას აქვს ორი მხარე, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც  აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომ კომპანიას, რომელიც კანონის ფარგლებში გაცემული ნებართვით ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს და  არ შეექმნებათ პრობლემა, ასევე თანამშრომელბსაც, რომლებიც 300-მდე ადგილობრივია. მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველას უფლება იყოს დაცული, როგორც ინვესტორის, ასევე დასაქმებულების.

დაისახა გეგმები, რომ მოხდეს უფრო მაღალ დონეზე შესწავლა გარემოს დაცვითი ასპექტების, კომერციული ასპექტების. თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას. მათ შორის სამუშაოების დროებით შეწყვეტას. რასაც მძიმე შედეგი ექნება, როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე სახელმწიფოსთვისაც.

პრაქტიკულად ამის შემდეგ კომპანიას ექნება სრული უფლება სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე პასუხი, რადგან კანონიერი ნებართვის ფარგლებში მოქმედებს. ვფიქრობ, რომ მთლიანობაში წინაპირობები რაც დაისახა, იძლევა საშუალებას რომ მშვიდობიანად ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია. ყველამ ერთობლივად ვიმუშავოთ იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს.

კომპანიამ გადადო ჩვენი მოთხოვნით 12 თვით კაშხლის მშენებლობა, რომელიც არის შესწავლის მთავარი ობიექტი. მოსამზადებელ სამუშაოებს არ აქვს რაიმე არსებითი ზეგავლენა გარემოს დაცვით საკითხებზე, კომპანიას გააჩნია ამის ნებართვა და მისი მიზეზის გარეშე და საფუძვლის გარეშე გამოწვევა, შეწყვეტა ეს არის საინვესტიციო გარემოს დაზიანება, ეს არის ინვესტორის უფლებების შელახვა რასაც, ჩვენ ვერ გავაკეთებთ და ეს იქნა გაზიარებული მედიატორის მიერ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში