ექსპორტში დაახლოებით 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა - ეკონომიკის მინისტრი 

14 ივნისი 2021, 13:09 1192 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა და ექსპორტში 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ექსპორტმა მაისში თითქმის 340 მილიონ დოლარს მიაღწია . 

ნათია თურნავას თქმით, იანვარ-მაისში ექსპორტი 24,4% გაიზარდა. 

''ვინაიდან 2020 წელი იყო ძალიან მძიმე წელი, ეკონომიკაში პროგრესი რომ შევაჯამოთ 2019 წელს ვადარებთ. აღნიშნულ პერიოდთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად  თითქმის იგივე დონეზეა და არ შემცირებულა. 2019 წელი ექსპორტის თვალსაზრისით იყო ბოლო ათწლეულში რეკორდული წელიწადი. აქედან გამომდინარე უკვე მაისში, როცა ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, ექსპორტი მკვეთრად გაუმჯობესებულია, ძალიან მნიშვნელოვანი 45% ზრდა ფიქსირდება. 

თიოთოეული ასეთი მონაცემი გვაძლევს იმედს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ისეთივე მაღალი, როგორც აქამდე დაფიქსირდა კვლავ გაგრძელდება. სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ 2021 წელს დავასრულებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, თუ ვერა, 6,75%-იანი ეკონომიკური ზრდით მაინც, რაც დიდი ნახტომია. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს'' - განაცხადა ნათია თურნავამ. 

„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპრეს-მონაცემებით, ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15.7%-ით. წლის პირველ ხუთ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7%.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ზრდა მარტის შემდეგ დაიწყო. 2021 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წელთან შედარებით, კლება 12% იყო, ხოლო იანვარ-მარტში - 0.3%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი