ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს - ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2024, 13:00 202 ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომდევნო წლებში კიდევ მეტად გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა.

მისივე განმარტებით, 2023 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701 442 TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU)
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.

ლევან დავითაშვილმა დაასახელა სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები. მისი თქმით, ფინალურ ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი.

მისივე ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წელს დაიწყებს. მისი თქმით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარობა იქნება 600 000 კონტეინერი (TEU) წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდება.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ასევე დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელი შემოსული ავიაკომპანიებისა და ახალი მიმართულებების მხრივ რეკორდული იყო.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, მოემსახუროს ნებისმიერ ზომის საჰაერო ხომალდს და საქართველოს შესძენს რეგიონული ჰაბის ფუნქციას. მისი თქმით, ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა ხუთი მლნ მგზავრიდან ეტაპობრივად გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტის გამტარუნარიანობის 1,7 მლნ მგზავრიდან ხუთ მლნ მგზავრამდე ზრდაა დაგეგმილი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში