ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ. მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის აჭარაშიც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბათუმში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია უმჯობესდება და ინფიცირების მაჩვენებელიც იკლებს.
"მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, მათ შორის, აჭარაშიც. მთლიანად ქვეყანაში მშვიდდება ეპიდსიტუაცია და მისი ყველა პარამეტრი, როგორიც არის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე. დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში და გუშინდელი მაჩვენებელი 1%-ის ფარგლებშია, ახალი შემთხვევების რაოდენობა რამდენიმე ათეულია, მერყეობს 40-70-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი 19 000 აცრა ჩატარებულია აჭარაში. პანდემიის დასრულების გზა გადის აცრაზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის აცრა და აჭარაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 350 000 აცრის ჩატარება. ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა, მათ შორის აჭარაში 2 000-დან 3 000-მდე აცრა უნდა ტარდებოდეს. ამის ყველა საშუალება აჭარის სამედიცინო ქსელს აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი შესრულდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.