72 საათში კოვიდზე განმეორებითი ტესტირება და მისი საფასური, მერწმუნეთ ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯი არ არის - თურნავა 

11 ივნისი 2021, 15:36 1108 ნახვა

საქართველოში ტურისტები როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო გზით შემოდიან, ყველა მათგანს დაწესებული რეგულაციის დაცვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უწევთ. მათ შორის არის ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა და პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხი.

ვისაც ორჯერადად, კორონავირუსის საწინააღმდეგო, აცრა არ გაუკეთებიათ, პისიარ ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად 72 საათში კიდევ ერთი კვლევის ჩატარების ვალდებულება აქვთ. 

ბათუმში ტურისტებისთვის არ არის ცალკე სივრცეები, სადაც ტესტის ასაღებას შეძლებენ. ამბობენ, რომ ამის გამო რიგებში დგომა უხდებათ. რაც შეეხება ფასს, კვლევის ღირებულება 60-დან 150 ლარამდე მერყეობს.  

დღეს, ჟურნალისტებმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს, ვიზიტორებისათვის  ეს ხომ არ არის  დისკომფორტის შემცველი? ნათია თურნავა ამბობს, რომ  ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯი არ არის და მათივე უსაფრთხოებისათვის კეთდება. რაც შეეხება ტესტირების ადგილებს, მინისტრი ამბობს, რომ თუ ამ კუთხით ხარვეზი და პრობლემა არის, საკითხს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გაივლის. 

''ბათუმის ქუჩებში ჩვენ ვხედავთ უკვე უცხოელ ტურისტებს. რასაკვირველია ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია. სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მოქალაქეების შეშვების სხვადახვა წესები, ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა აღდგენა მიდის მაღალი ტემპით, 50%-ზე მეტი ფრენები აღდგა, აღდგა ის ქალაქები და მიმართულებების რაოდენობა საიდანაც ჩვენთან მოფრინავენ ტურისტები. ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა 200% ზე მეტს აღემატება.

შარშანდელთან შედარებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კომფორტული იყოს ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა, მაგალითად იგივე 72 საათში ერთხელ ტესტირებასთან დაკავშირებით, ეს ისეთი სერვისია, რომელსაც კერძო კომპანიები, კერძო ლაბორატორიები ეწევიან, თუ დავინახეთ, რომ რომელიმე რეგიონში, მაგალითად აჭარაში, ამ მიმართულებით არის შეფერხება მოვთხოვთ კომპანიებს, რომ უფრო აქტიურად იმუშაონ და დავეხმარებით '' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტურისტების ნაწილის ტესტირება კოორდინირებულად ხდება და პროცესში ჩართული არიან სასტუმროებისა და ტურსააგენტოების წარმომადგენლები.

თინათინ ზოიძე ამბობს, რომ რიგები შესაძლოა იყოს, თუ საჭიროება გამოიკვეთება საკითხზე იმუშავებენ. 

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ქვეყანაში კვლავ მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი. სავალდებულოა გარე და დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. რეგულაციების ნაწილი კი მოიხსნა. 

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი