აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართულ მედიას, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ულოცავს. ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არც ერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული.
ელჩი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის, შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.
''პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ.
თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.
ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის'' - აცხადებს კელი დეგნანი.
ფოტო: ამერიკის საელჩო