ქობულეთის საკრებულოს წევრს, ვიტალი ქარცივაძეს უფლებამოსილება შეუჩერეს. გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა.
ვიტალი ქარცივაძე, მე-2 მოწვევის საკრებულოს წევრი, სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი და ქობულეთის მერიაში მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე იყო. ის მიმდინარე წლის მარტში ანტიკორუფციულმა სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საკრებულოს წევრის მანდატი მას შეუჩერდება.
ქობულეთის საკრებულოში აცხადებენ, რომ ვიტალი ქარცივაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, რაც ითვალისწინებს საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილების შეჩერებას. რომელიც გაწერილია თვითმმართველობის კოდექსით. მათივე განმარტებით, სასამართლო განჩინებით საკრებულოს ანტიკორუფციულმა სამსახურმა მიმართა.
ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ 15 საკითხი განიხილება.