2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2010-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი თანამშრომელი და სხვები, ჯგუფურად, დასჯისა და დაშინების მიზნით პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში აყენებდნენ. საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ დაკავებული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა, აყენებდა მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
პატიმრებს უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული გასეირნების, ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება.
ასევე, არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. N8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ თანამშრომელს პატიმრები საკნიდან თვითნებურად გაყავდა და აბანოში ჯგუფურად, ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნის გამოყენებით ფიზიკურად უსწორდებოდა.