ბათუმის ბულვარის მცველები ''ამბასადორის” საქმეზე თორნიკე რიჟვაძეს და თეა წულუკიანს მიმართავენ

26 აპრილი 2021, 11:58 844 ნახვა

სამოქალაქო მოძრაობა "დაიცავი ბათუმის ბულვარი" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს.

ბულვარის დამცველები ითხოვენ ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი "ამბასადორ ბათუმზეც" გავრცელდეს და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათილად ცნოს "ბათუმი ამბასადორის" მშენებლობის ნებართვა.

მიმართვაში მოქალაქეები ადგილმონაცვლეობის ინსტიტუტის გამოყენებაზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია განაშენიანების გეგმის მიზნიდან გამომდინარე გაბათილდეს ბულვარისთვის, როგორც ძეგლისთვის სრულიად შეუსაბამო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა.

მათივე განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტები და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობა, რომელიც ამბასადორის მიწის ნაკვეთს კვლავ დაუბრუნებს მის რეალურ საზოგადოებრივ დანიშნულებას.

''ბატონო თორნიკე, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, 30 მარტს გაახმოვანეთ თქვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, ახალი მშენებლობების დაწყებაზე, გამოცხადდებოდა სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. მორატორიუმის გამოცხადებით აჭარის მთავრობამ, ერთი მხრივ, აღიარა პრობლემის სიმწვავე და მასშტაბი, მეორე მხრივ, შეუძლებელი გახდა ამ მორატორიუმის გზით შეჩერდეს მიმდინარე მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე.

ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ბატონი რიჟვაძის ეს გადაწყვეტილება გავრცელდეს მიმდინარე სადავო მშენებლობაზეც - “ბათუმი ამბასადორზე”. ვთხოვთ მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, მიმართოს სსიპ „აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს", რომ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის კანონიერება ხელახლა, სრულყოფილად შეისწავლოს, რათა სათანადო, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღონ.

პოლიტიკური ნების საფუძველზე, “ამბასადორი ბათუმზე” მორატორიუმის გავრცელებით, სააგენტოს კვლავაც შეუძლია ბათილად ცნოს მის მიერ ბულვარის ტერიტორიაზე გაცემული უკანონო ნებართვა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა.

ბულვარის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა 28 აპრილს არის დანიშნული. განაშენიანების გეგმის მიზნიდან გამომდინარე, ბათუმის ბულვარის დასაცავად, აუცილებელია დაუყოვნებლივ გაბათილდეს ბულვარისთვის, როგორც ძეგლისთვის სრულიად შეუსაბამო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამავე დროს,
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის ინსტრუმენტები და გამოიყენოს ადგილმონაცვლეობა, რომელიც ამბასადორის მიწის ნაკვეთს კვლავ დაუბრუნებს მის რეალურ საზოგადოებრივ დანიშნულებას'' - წერია განცხადებაში. 

30 მარტს თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ახალი მშენებლობის დაწყებაზე ცხადდებოდა სრული მორატორიუმი ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის  გეგმის დამტკიცებამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი