საკუთარი მიწების იურიდიულად გაფორმების მოთხოვნით გონიოს მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა. მათ 15 წთ-ის განმავლობაში გონიო-სარფის მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ჩამორთმეული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
13 წლიანი უშედეგო ბრძოლა მიწების გასაფორმებლად საბოლოო ეტაპზეა. ადგილობრივები ამჯერად მიწის ნაკვეთებზე ზედდების მოხსნას ითხოვენ, რამაც 22 ოჯახს საკუთრების გაფორმებაში შეუშალა ხელი. მათთან ერთად 80-მდე ოჯახია, რომელთაც მიწის ნაკვეთები ვერ გაიფორმეს და კომისიის მუშაობის დაჩქარებას მოითხოვენ.
გონიოში მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მივიდა. ჯაბა ფუტკარაძემ მოსახლეობას ზედდების პრობლემის ერთი კვირის ვადაში მოგვარება აღუთქვა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავრობასთან კარვებს გაშლიან.