გონიოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი ჩამორთმეული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილი გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
2008 წელს გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთები დაუკანონეს, თუმცა შეთანხმება მალევე გაუქმდა.
"ჩვენს ირგვლივ ყველამ გაიფორმა მიწა, დარჩენილი ვართ 100 ოჯახი, კომისიამ დაგვიმტკიცა, მაგრამ მთავრობა ვერ გვიკანონებს. იუსიტიციაში გვეუბნებიან მთავრობამ უნდა მოხსნას ზედნადებიო. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს, დღეს გამოვედით, რომ პრობლემა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ"- აცხადებს ციალა მამულაძე.
რამდენიმე ოჯახმა სასამართლოს გზით საკუთრების უფლება აღიდგინა, ნაწილი კი მას დღემდე საპროტესტო აქციებით ცდილობს და სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
გონიოს მიწების საქმეზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური კომისია მუშაობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავრობასთან კარვებს გაშლიან.