შეიძლება ითქვას, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია - ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:20 248 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შეთანხმება არის წინგადადგმული ნაბიჯი. 

პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მედიაციისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მიშელმა დაამტკიცა, რომ "ნამდვილი ლიდერია".

,,პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი და შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით წარმატებული მედიაციის წარმოება, კონკრეტული შედეგით დასრულების. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით. 

მადლობა მინდა გადავუხადო კრისტიან დენიოლსონსაც, მან დიდი სამუშაო გასწია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება შედგა, დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც  ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც  დღეს ქვეყნის წინაშე დგას'' - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის არჩევანი არის არამხოლოდ ერთი კონკრეტული მთავრობის, ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, არამედ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავუდასტურე მზადყოფნა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების გასატარებლად. ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით აღებულ ვალდებულებსაც, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება. ასევე, შევეხეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. '' - განაცხადა პრემიერმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში