სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს, პარტიის ოფიციალურად დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას კი ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.
''დაველოდები ჩემი მეგობრის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, მექნება მასთან, როგორც პარტიის თავმჯდომარესთან, საუბარი და ამის შემდგომ მივიღებთ ოფიციალურ, ცივილიზებულ გადაწყვეტილებას'' - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი საბოლოო იყო და ცვლილებას არ ექვემდებარებოდა.
დეპუტატი ასევე წერს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა მისი თხოვნით გაიმართა. სხდომაზე კი გადაწყდა, რომ ენმ-ამ ხელი არ უნდა მოაწეროს დოკუმენტს, სანამ მელიას არ გაათავისუფლებენ.
''ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ევროკავშირში საქართველოს მისიას, პოლიტიკოსისთვის, რომლისთვისაც მთავარ მიზანს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის დაცვა და უზრუნველყოფა წარმოადგენს, გადამწვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას არის, ემსახურება თუ არა ეს ნაბიჯი აღნიშნულ მიზანს. არის თუ არა შეთანხმება, რომელსაც გუშინ ხელი მოაწერეს ოპოზიციურმა პარტიებმა ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი? ყოველგვარი ეჭვის გარეშე.
მოლაპარაკებების გრძელ და რთულ პროცესში, ჩვენ მივედით დასკვნით ფაზასთან-ანუ, შემოთავეზებული დოკუმენტი იყო საბოლოო ვერსია, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარებოდა. ამ პროცესში, მათ შორის ჩემი აქტიური მონაწილეობით, ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ მაქსიმუმს-პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარანტიას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ფორმულას და საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც, შესაძლოა, არაა იდეალური, მაგრამ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი გარანტია, რომ მომავალი არჩევნები ვერ და არ ჩატარდება ისე, როგორც უკანასკნელი.
პოლიტიკურ საბჭოს გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, რატომ იყო ეს პოზიცია დამაზიანებელი პარტიისთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში, როგორ აღიქვავდნენ ამას სახეში გარტყმად ჩვენი პარნტიორები-ევროკავშირი და აშშ. იქვე დავაფიქსირე ჩემი სურვილი, რომ ამ დოკუმენტს მოვაწერო ხელი, მე პირადად. ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთადერთ გზად დატოვა ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებადაც. არგუმენტი, რომ ენმ ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომელიც მელიას გათავისუფლების გარანტიაა და ითხოვს მის უპირობო გათავისუფლებას, არ აღმოჩნდა დამარწმუნებლი, მეტიც, ვიტყოდი, რომ გაუგებარია მედიატორებისთვის. გამოვხატე ჩემი წუხილი, რომ ენმ-ის უარი ხელმოწერაზე აღქმული იქნებოდა ოპოზიციის დანაწევრებად და კამპანია, რომელიც ხელმომწერების წინააღმდეგ გაიმართებოდა, დააზიანებდა ოპოზიციურ ერთობას. დააზიანებდა ენმ-საც, რომელსაც ხელისუფლება მუდმივად ცდილობს იზოლირება გაუკეთოს, როგორც ''დესტრუქციულ'' ძალას. რადგან ჩემი არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად მე, პირადად ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულმა წევრმა, მისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე, სწორედ იმ მიზნით, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ'' - წერს სამადაშვილი.