ვის არ შეეხება 4-11 მაისს გამოცხადებული უქმე დღეები - ახალი დადგენილება 

19 აპრილი 2021, 17:56 3180 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 11 მაისამდე ქვეყანაში უქმე დღეები ცხადდება. მთავრობამ ასევე დამსაქმებლებს მიმართა, თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16 აპრილის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, თუ ვის არ შეეხება ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული უქმე დღეები.


  • ''უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება, არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

  • ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე.

  • ასევე საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

  • დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე" - წერია დოკუმენტში. 

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გამოცხადდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დადგენილებაში კონკრეტული მითითება არ არის, ამიტომ კერო სექტორი თავად გადაწყვეტს უქმე დღეების პერიოდში იმუშაოს თუ დაისვენოს. 

დადგენილებაში კონკრეტულად არ წერია შეეხება თუ არა უქმე დღეები სავაჭრო ობიექტებსა და სარესტორნო ბიზნესს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები დამატებით განმარტებებს, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გააკეთებენ.

ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი 3-დან 15 იანვრის პერიოდს მოიცავდა. მაშინ ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც დასვენების დღეების პერიოდში შეუფერხებლად მუშაობა შეეძლოთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი