გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით საქსტატმა სოციალურ მდგომარეობაზე კოვიდ-19-ის გავლენა გამოიკვლია , საიდანაც ირკვევა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში ეპიდემიის გავლენით, ოჯახების საშუალოდ 32%-ში, ანუ ყოველ მესამე ოჯახში 1 წევრმა სამსახური დაკარგა, ქალაქში ეს მაჩვენებელი 33%-ია, სოფლად - 30%, კვლევითვე გამოვლინდა, რომ საშუალოდ ყოველ მეორე ოჯახს ამავე პერიოდში პანდემიამდე არსებული შემოსავალი შეუმცირდა.
საქსტატმა შემოსავლების შემცირების მიზეზებიც გამოიკვლია, რომელთაგან უმთავრესი კომპანიების დახურვა აღმოჩნდა - ქალაქში 38% , სოფლად კი 24% იმ კომპანიებიდან სადაც ოჯახის რომელიმე წევრი მუშაობდა, პანდემიის შედეგად დაიხურა, მეორე უმთავრესი მიზეზი კომპანიების გაყიდვების შემცირება აღმოჩნდა, დანარჩენი ორი მიზეზი კი, ხელფასების ან სამუშაო დროის შემცირება იყო, რის გამოც ოჯახებს შემოსავლები დააკლდათ. ამავდროულად ოჯახების 80%-მა მიიღო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, 40%-ზე მეტმა კი 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება.
საქსტატმა განათლების სექტორზე ეპიდემიის გავლენაც გამოიკვლია,- აღმოჩნდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სოფლად სკოლებს მოსწავლეთა 75% დაუბრუნდა, ქალაქში კი მხოლოდ - 46% , რისი ძირითადი მიზეზიც, ერთის მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი სკოლების მიერ დისტანციური სწავლების შენარჩუნება, ხოლო ყოველი მესამე შემთხვევაში, როდესაც ბავშვი სკოლას არ დაუბრუნდა, მიზეზი ინფიცირების შიში აღმოჩნდა.
ამავე კვლევით, დისტანციური სწავლებით კმაყოფილი ოჯახების 43%-ია, 25% კი არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო, ხოლო კიდევ 25% უკმაყოფილო, ან ძალიან უკმაყოფილო აღმოჩნდა.