რა სირთულეებს აწყდებიან აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები კოვიდ პანდემიის პირობებში

02 აპრილი 2021, 17:06 1228 ნახვა

იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები, ყველაფერი კარგადაა და არავინ იცის მოულოდნელად საიდან და რატომ ჩნდება პრობლემები. ზოგიერთი ამას გენეტიკურ ფაქტორს უკავშირებს, ზოგი - აცრებს, ზოგიც - ტელეფონთან და კომპიუტერთან ხშირ კონტაქტს.

საბა 6 წლისაა და სკოლაში წასასვლელად ემზადება, მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. დიაგნოზის შემდეგ მშობლები არა ერთ პრობლემას წააწყდნენ. კოვიდპანდემიის დაწყებისა და იზოლაციის შემდეგ კი სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. კარჩაკეტილობა მათთვის, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება სოციალიზაცია რთულია. გამოსავალს დღეს ყველა ინდივიდუალურად ეძებს, ცდილობს სტრესი დაძლიოს და შვილებს იზოლაციის პერიოდი შეუმსუბუქოს. 

მშობლები ამბობენ, რომ დახმარება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კარგია, მაგრამ არა საკმარისი. დამატებითი ფინანსების გარეშე კი საბოლოო შედეგის მიღება შეუძლებელია. მსგავსი დიაგნოზის მქონე ბავშვებს ფიზიკური აქტივობაც სჭირდებათ, რაც დამატებით ფინანსებთან არის დაკავშირებული.

''​სპეციალურ თერაპიაზე კლინიკაში ბავშვს თვეში 15 საათი ეთმობა. ეს საკმარისი დრო არ არის. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს მოგვარებული, მაგალითად დააფინანსოს ცურვა, საცხენოსნო კლუბში ვიზიტი, ან სხვა მსგავსი აქტივობა. იყოს ვაუჩერი, თანხის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებდეს, ნაწილს კი მშობელი თავად გადაიხდის. სპორტის რომელიმე სახეობაზე, რომ შევიყვანო კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდები, პედაგოგებიც არ არიან მზად გაუმკლავდნენ ასეთი სირთულეების მქონე ბავშვებს. რთულია ბინაში ისეთი გარემო შეუქმნა ბავშვს, დახარჯოს ენერგია, იყოს მუდმივად აქტიური.

თუ ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ დამოუკიდებლები, ამისათვის პროცესებში სპეციალისტთან ერთად მშობელიც უნდა იყოს ჩართული. მშობლებს უნდა ჰქონდეთ უფლება დაესწრონ ''გაკვეთილებს'',  დაინახონ რას ასწავლიან, როგორ ასწავლიან და მერე იგივე სახლში გააგრძელონ'' - გვიყვება თიკა. 

კლინიკური ფსიქოლოგი ანა ჩაჩუა ამბობს, რომ პანდემიური პერიოდში აქტივობებში ჩართულ ბავშვებს იზოლაცია გაუჭირდათ, თერაპიულ კურსებზე დაბრუნების შემდეგ კი ახალ გარემოზე გადაწყობას დრო დასჭირდა.  ქცევითი თერაპევტის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მშობლები ყურადღებით აკვირდებიან ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისად მიმართვიანობაც გაიზარდა. 

''არ ვთვლი, რომ ისინი ავად არიან, ეს მდგომარეობაა, რომელსაც სპეციფიკური მიდგომა და ყურადღება სჭირდება. ეს სწორი მიდგომები ყველა სივრცეში უნდა იყოს, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, იქნება ბაღი, სკოლა, ოჯახი თუ სხვადსხვა გასართობი აქტივობა.

COVID19 პირობებში ახალ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ბავშვები, რომლებიც დადიოდნენ საბავშვო ბაღში თერაპიაზე და მოუხდათ სახლში კომუნიკაციის გარეშე ყოფნა სირთულეებიც წამოვიდა. განსაკუთრებით ისეთებთან, რომლებსაც უჭირთ გაიგონ რატომ ვერ გაჰყავდა  მშობელს გარეთ. დისტაციურად გარკვეული თერაპიული მომსახურება იყო, ვისაც შეეძლო ვუტარებდით ან მშობელს ვაძლევდით რჩევებს და რეკომენდაციას. მერიის პროგრამით ბავშვებს 15 საათი უფინანსდებათ, ეს ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება მით უკეთესია. ეს თერაპია არ შემოიფარგლება  მხოლოდ ერთი ან ორი საათით თერაპევტთან ვიზიტით. რაც უფრო მეტ სივრცეში იქნებიან, მეტ ახალ გარემოში და აქტივობაში ჩაერთვებიან კარგია. ფასიან სერვისები თუ უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ეს პროცესებზე დადებითად აისახება'' - ამბობს ანა ჩაჩუა. 

აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის პროგრამები აქვს ბათუმის მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს.  დავინტერესდით იგეგმება თუ არა პროგრამების გაფართოება და ახალი მიმართულებების დამატება. მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ.

რაც შეეხება მიმდინარე პროგრამას, ის ორიდან 18 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული და თვეში 15 მეცადინეობას მოიცავს. მერიაში განმარტავენ, რომ ბავშვებთან მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად მუშაობენ.

სხვა მუნიციპალიტეტებში კი ანალოგიურ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. 

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი