26-28 მარტს თბილისის ძიუდოს გრან სლემი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. სხვადასხვა დელეგაციებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
გულშემატკივრებს, რომლებმაც გრანდ სლემის ბილეთი შეიძინეს თანხა უკან დაუბრუნდებათ.
"მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული და მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება", - წერია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
ძიუდოს თბილისურ ტურნირზე 81 ქვეყნის 494 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. 270 მამაკაცთა , ხოლო 224 ქალთა კატეგორიაში იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების თავდაპირველ განაცხადში 36 სპორტსმენი იყო შეყვანილი, თუმცა 6 სპორტსმენი გუნდს გამოაკლდა, შესაბამისად ძიუდოს ეროვნული გუნდი 30 სპორტსმენით იბრძოლებს.
თბილისის გრანდ სლემი 26-28 მარტს გაიმართება. წინასწარი ბრძოლები 09:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან დაიწყება.