უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ყველა შესაბამისი რეგულაცია, რომელთა აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები.
აღინიშნა, რომ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადგენილი რეგულაციების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და შესაბამისად, შეზღუდვების ხელახლა დაწესების საფუძველი არ გახდეს.