ქობულეთის ''შუქურა'' თბილისის ''ლოკომოტივთან'' მინიმალური სხვაობით დამარცხდა

15 მარტი 2021, 18:27 958 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში გაიმართა. "დინამო არენაზე" მოასპარეზე "ლოკომოტივმა" ლიგის ახალწვეული ქობულეთის "შუქურა" მიიღო და 2-1 დაამარცხა.

მატჩის წინ გუნდებს თანაბარი 4-4 ქულა ჰქონდა და შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ნახევარი უგოლო ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი დედაქალაქელები გააქტიურდნენ და დარციმელია გადაცემის შემდეგ 59-ე წუთზე გოლი ომარ იმრანმა გაიტანა. 5 წუთში კი ბექა დარციმელიამ საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა და ‘’ლოკომოტივი’’ კომფორტული უპირატესობით წინ გაიყვანა.

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილმა ‘’შუქურამ’’ პრესტიჟის გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. 93-ე წუთზე მირზა ფარტენაძის გადაცემა გოლით დავით მუჯირმა დააგვირგვინა.

4 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 10-10 ქულით გორის ‘’დილა’’ და ბათუმის ‘’დინამო’’ ლიდერობს. შემდეგ ადგილებს 7-7 ქულით ორი დედა ქალაქური კლუბი ‘’დინამო’’ და ‘’ლოკომოტივი’’ ინაწილებენ.

ქობულეთის ‘’შუქურა’’ 4 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. მეოთხე ტური შედეგიანი გამოვიდა : 5 შეხვედრაში 19 გოლი გავიდა.

მე-5 ტურში ‘’შუქურა’’ 20 მარტს 16 :00 საათზე ზესტაფონში წყალტუბოს ‘’სამგურალს’’ უმასპინძლებს. ბათუმის ‘’დინამო’’ კი ამავე დღესვე 20:00 საათზე თბილისში ‘’საბურთალოს’’ დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში