ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს.
მისივე თქმით, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს.
„როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე, „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავარძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება. ეს არის „სინოფარმი“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც.
„შემდეგი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაც დაჩქარდეს. „ფაიზერის“ შემოტანის ვადები არ გადახედილა, პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულად მოხდეს ვაქცინების შემოტანა“, – განაცხადა ტიკარაძემ.