საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა.
დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა.
„დღევანდელი დღის გმირი, გიორგი ალექსიძე, თავისი საქმიანობითა და შემოქმედებით გამორჩეული პიროვნება იყო და ქართული ბალეტის სამსახურში 30 წელი გაატარა. ის წლების განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი იყო.
მისი მთლიანი შემოქმედებიდანაც ჩანს, რომ ის იყო თავისუფალი, როგორც ადამიანი და თავისუფალი, როგორც ხელოვანი. ხელოვნებაში ვერ იქნები, თუ არ ხარ სრულაიდ თავისუფალი. მან ბალეტსა და ქორეოგრაფიაში ახალი ენა და ახალი ხედვა შემოიტანა: ქორეოგრაფიული მინიატურები, კამერული ბალეტი, მისი ხელწერა, გაჯერებული იყო სისადავითა და დახვეწილობით.
სამწუხაროდ, მე პირადად არ ვიცნობდი გიორგი ალექსიძეს, მაგრამ პირველად (და ეს ძალიან კარგად მახსოვს) დათო ჩუბინიშვილის სახლში მისი დოკუმენტური ფილმით გავიცანი. შემდგომში კი, კიდევ სხვაგვარად გავიცანი მისი ქალიშვილის ქორეოგრაფიიდან.
ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოვებ საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს!“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.