დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძრის დროს დაღუპული მცირეწლოვნები საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების მასწავლებლები ოკუპირებულ საბერიოში გადავიდნენ და გარდაცვლილ მცირეწლოვნებს პატივი მიაგეს.
ჭოლარიების ოჯახში 5 იანვარს, დილით მომხდარი ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ბებია და ხუთი შვილიშვილი.
სავარაუდოდ ხანძარი შეშის ღუმელის ანთების მცდელობას მოჰყვა. სამწუხაროდ ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.