,,ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა "საქართველოს" წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი.
აქციის მონაწილეები, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ გამოძიება პროკურატურას სწორედ ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაეწყო.
დაპირისპირება აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მაშინ მოხდა, როცა ისინი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო ბანერით წინ გადაუდგნენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის ინფორმაციით, ხუთი მოქალაქე სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი ხულიგნობისთვის დააკავეს.
„დაკავებულია ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული წესით. ხუთი ადამიანი 173-ე მუხლით, ერთი კი დაკავდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ბოლო დაკავებული ილანძღებოდა, იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.