საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.
ომბუდსმენი წერს, რომ ️ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში გენდერული უთანასწორობის დასაძლევად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, უფლებადამცველების, აქტივისტების, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და პრობლემები მიღწეულ შედეგებს მნიშვნელოვნად აჭარბებს და სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ ჩარევას და რეაგირებას საჭიროებს.
"ქალებს და გოგოებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სოფლად მცხოვრებ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ტრანსგენდერ, ბისექსუალ, ლესბოსელ ქალებს თანასწორუფლებიანობის მისაღწევად, კვლავ ყოველდღიური ბრძოლა უწევთ.
საგანგაშოა გოგოების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები, რაზეც ბოლო დროს გახმაურებული ფაქტები მეტყველებს. ამ მიმართულებით, წლებია, სახალხო დამცველი მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ უმოქმედობაზე, არაეფექტიან და არაკოორდინირებულ რეაგირებაზე, კვალიფიკაციის ნაკლებობასა და სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობაზე. სამწუხაროდ, შემთხვევების უმეტესობაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი, რეაგირება და შესაბამისი უწყებების ჩართვა დაგვიანებულია. აგრეთვე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საზოგადოების მხარდაჭერას მსხვერპლის მიმართ და მისთვის კეთილსაიმედო გარემოს შექმნას.
️ აქვე, აღსანიშნავია მოზარდებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტური განხორციელება, მათ შორის სექსუალობის შესახებ კომლექსური განათლების მისაწვდომობა, რათა გაიზარდოს მათი ცნობიერება და პრევენციულად მოხდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან არიდება.
️ სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია. Covid-19 პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკები და შემცირდა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) სტატისტიკა წლიდან წლამდე არ იკლებს და კვლავ საგანგაშოა. კერძოდ, 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 9 შემთხვევაში კი - სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 17 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.
აღნიშნული ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფემიციდის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და საჭიროებს უფრო კომპლექსურ ჩარევას. ასევე, პრობლემად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც პრევენცია, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტურად მართვა.
️ კვლავ პრობლემურია სექსისტური გამონათქვამების საჯაროდ გავრცელება, რაც აძლიერებს საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით გენდერულ სტერეოტიპებს და სტიგმებს, რაც შესაბამისად, მნიშვნელოვნად აფერხებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას. ქალების მიერ შრომითი უფლების სათანადოდ რეალიზების მხრივ, საკანონმდებლო ხარვეზად რჩება კერძო სექტორში ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ რეგულირება. ამასთან, თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის ქალების ანაზღაურება კაცებისას 36%-ით ჩამორჩება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება.
სახალხო დამცველი განმეორებით აღნიშნავს და მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა ფაქტობრივი თანასწორუფლებიანობის მისაღწევად, რადგან არსებული უთანასწორობა და მჩაგვრელი პრაქტიკები მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ქალთა უფლებების გაუმჯობესებას. არსებითია, რომ სახელმწიფომ დაინახოს ქალთა ცალკეული ჯგუფების საჭიროებები და მათ ინტერესებს უპასუხოს შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიებით"-განმარტავს სახალხო დამცველი.