2020 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალი მოკლეს, 20 ქალის მიმართ კი ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი - საია

08 მარტი 2021, 11:11 1148 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ.

საია-ს შეფასებით, ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი და კოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას.

"2020 წელის 9 თვის მონაცემებით საქართველოში 19 ქალია მოკლული, ხოლო 20 ქალის მკვლელობის მცდელობაა ჩადენილი, ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლისა თუ პარტნიორის მიერ.  ასეთი ტრაგედიები, მწვავედ წარმოაჩენს სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი, ეფექტიანი დაკოორდინირებული, პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული პოლიტიკის არ არსებობას. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც სახელმწიფო უწყება ახორციელებს და რომელიც ემსახურება პრევენციას, მეტწილად არის ქაოტური და არასისტემური, რაც ამცირებს პრევენციული სამუშაოების ეფექტიანობის კოეფიციენტს.   

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა ბუნების გამოკვლევა, მსხვერპლთა დაცვის ქმედითი მექანიზმების შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისა და გოგონებისთვის. საქმეში, გენდერული მოტივის გამოკვეთის მიზნით, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და ნათელი ხედვა, თუ რა უნდა იყოს მიჩნეული გენდერულ მოტივად. აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება. პროკურატურამ, ხოლო შემდგომ, სასამართლომ გამოკვეთოს დანაშაულის ჩადენის მოტივი, რაც გამოიწვევს პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.  

სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ყველაზე დაფარულ და დაუსჯელ ფორმად. არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სექსუალური ძალადობისთვის ეფექტიან, დაზარალებულზე ორიენტირებულ, გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივ მექანიზმებს. ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის მართლმსაჯულება ხელმიუწვდომელი ან/და რთულად ხელმისაწვდომია.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 5 პროცენტული ერთეულითაა გაზრდილი. მიმდინარე წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სექსუალური დანაშაულის არაერთი მძიმე შემთხვევა, რომელთა მსხვერპლებიც არასრულწლოვნები არიან. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები და მძიმე თანმდევი შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემურია 16 წლამდე გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამოძიება და დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია. 

სექსუალური ძალადობის მძიმე შემთხვევები მოითხოვს სახელმწიფოსგან მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე აქტიურ მუშაობას. ხოლო, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი უწყებების მხრიდან აუცილებელია სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების წარმოება, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანი დაზარალებულების შესაბამისი ქმედითი დაცვისა და დახმარების სერვისებით აღჭურვა"- აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საია-ს შეფასებით, უნდა შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას - ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება.

საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშულების დეფინიციაში, რითაც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.

ორგანიზაციის შეფასება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში