ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 17:06 303 ნახვა

ბადრი ესებუას დაკავება დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხდება - ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუას დაკავებაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა არ ისაუბრებს, კონკრეტულად რა ოპერატიული ღონისძიებები ტარდება.

“მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება - ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც - ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის - ეს არის ამერიკული სტანდარტი! მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ... აბა წადი და მშვიდობაში მოიხმარე - ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება. გეთანხმებით, რომ დასაჭერია. მერწმუნეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, იყოს დაკავებული და უმკაცრესად დასჯილი", - განაცხადა შს მინისტრმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში