საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები ბათუმის ბულვარში "ამბასადორის" მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ

05 მარტი 2021, 15:13 1458 ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო მოძრაობები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის წინაარმდეგ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვამდე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ.

საერთო განცხადებაში წერია, რომ ბათუმის ბულვარში, რომელსაც საბაღე-საპარკე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კომპანია “ამბასადორ ბათუმზე” 19-სართულიანი (3 მიწისქვეშა სართული) სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 21 იანვარს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და ბულვარის მიმართ საჯარო ინტერესების უგულებელყოფით გასცა.

"ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა საზოგადოება „ბათომის“ სახელით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) აქვს გასაჩივრებული. საჩივარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განხილვას, რომლის მიმართაც მოთხოვნას მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების გაბათილების გარდა, ბულვარში მიმდინარე უკანონო პროცესის დაუყოვნებლივ აღკვეთა და მშენებლობის შეჩერება წარმოადგენს.

მიუხედავად საჩივრის წარდგენისა კომპანია კვლავ შეუჩერებლად აგრძელებს ბულვარში სასტუმროს კომპლექსის მშენებლობას, რაც აზრს უკარგავს საზოგადოებრივ ბრძოლას სამართლებრივი დავით აღკვეთოს ბულვარში სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებით დაშვებული სასტუმროს მშენებლობა და ძეგლის განადგურების პროცესს კიდევ უფრო შეუქცევადს ხდის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის არსებით განხილვამდე დაუყოვნებლივ შეაჩეროს ბულვარში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები.

გააუქმოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე და აღკვეთოს ძეგლზე მიმდინარე უკანონოდ დაკანონებული სამშენებლო პროცესები.

მოვითხოვთ მორატორიუმი გამოცხადდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამშენებლო განვითარებაზე ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე", - წერია მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიმართვას ხელს 25-მდე ორგანიზაცია აწერს.

მესამე სექტორის განცხადება იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი