მიანმარში გამართული საპროტესტო აქციების დროს 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის და ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს. ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 14, 17 და 19 წლის ახალგაზრდებიც არიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ აღშფოთებულია მიანმარში მომხდარი ძალადობით. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ქვეყანას, ერთხმად დაგმონ ბირმელი სამხედროების მიერ საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობა. მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გაერო-ს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან მიანმარში 50 ადამიანი დაიღუპა.