საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს - ს.მ.-ს არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი.
"გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი ძალის გამოყენებით სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა.
გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, გ.ხ. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ს.მ.-ს, მეუღლის მშობლებს გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას გ.მ.-ს, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე.
გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441 მუხლის პირველი ნაწილით, 11'-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა"- აცხადებენ პროკურატურაში.
გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ.