არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ - უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მასა და ჯანდაცვის მინისტრს შორის არსებულ კონფლიქტზე დასმულ შეკითხვას.
ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი - SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ-19. ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ეს საკითხი, მე არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინაციის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ გადავდგე და გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და კი ბატონო! თუ ჩავთვლი, რომ ის ღირსეული ადამიანია და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს და ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით დავუთმობ მას ადგილს“- განაცხადა გამყრელიძემ.