საპროტესტო აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ. ქუთაისში ასობით შეკრებილი ადამიანი ხეობიდან უცხოელი ინვესტორის გასვლას და სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრანტები კომპანიის შენობის პიკეტირებას გეგმავენ. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ხელისუფლებამ თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმოს.
ნამახვანი ჰესების კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს. მისი სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-26 წელს შევიდეს.
მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად სოფელ ჟონეთში ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს. მათ კარვები აქვთ გაშლილი და ღამესაც სწორედ იქ ათენებენ.