#მაინცვიტყვი, #არაძალადობას, #ნუავრცელებაგრესიას - ამ სლოგანებით, ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტზე თავდასხმას გმობენ და კოლეგას სოლიდარობას უცხადებენ.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს იმ პოლარიზებული გარემოს გამოძახილია რაც ქვეყანაში ხდება. მათივე თქმით, ტრიბუნებიდან ფაქტიურად ყოველდღიურად ისმის სიძულვილის ენა რაც საზოგადოებაზე ილექება.
ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას თანამდებობის პირებს აკისრებენ და ამბობენ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს.
"ეს ნარატივი და აქცენტები მოდის როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ეს აგრესია რომელიც მათგან მოდის ვხედავთ რომ მუშაობს და ის ნაბიჯები რომლებსაც ხელისუფლება დგამს ეს არის დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები რასაც ნელ-ნელა შედეგი მოყვება"-აცხადებს "ფაქტჩეკის" ანალიტიკოსი ნაზიბროლა რეხვიაშვილი.
აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ვახო სანაიას თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ გუშინ სამი მოქალაქეა დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისა და მისი მეუღლის ნათესავის მიმართ.
ჟურნალისტი თავდასხმას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.