ამირან გამყრელიძის პოზიციას, რომ რესტორნებში ინფიცირების რისკი მაღალია რესტორატორები არ იზიარებენ

03 თებერვალი 2021, 12:02 1075 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რესტორნებში ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია, რადგან შესაძლოა ბევრი ახლო კონტაქტის დამყარება.

"ერთბაშად ყველაფრის გახსნა დაუშვებელია. ჩვენ დავუბრუნდებით იმ მაჩვენებლებს რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ფრთხილად უნდა ვიაროთ. შემსუბუქების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად, მონიტორინგის საფუძველზე.

ბევრი მსჯელობა იყო  - სად რა რისკია. მოგეხსენებათ, რესტორნებში რისკი მაღალია, რადგან, გარდა შეკრებებისა  ჩვენ  მივირთმევთ ალკოჰოლს, გამამხნევებელ, ენერგეტიკულ სასმელებს, ვიწყებთ გაუკონტროლებელ ახლო კონტაქტებს. რესტორნები და სხვა ბიზნესიც გაიხსნება, მაგრამ გარკვეული რიგითობით. მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს, რომ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეს არის პრიორიტეტი.

მე ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია ტრანსპორტის და საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

​რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამირან გამყრელიძის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რესტორნებში ინფექციის გავრცელების მაღალი რისკია არ იზიარებს. მისი თქმით, ამირან გამყრელიძე კომუნიზმის მენტალიტეტით ცხოვრობს, დღეს კი სხვა რეალობაა.

მისთვის ასევე გაუგებარია რატომ აქვთ სასტუმროში არსებულ რესტორნებს ფუნქციონირების უფლება, ცალკე მდგომებს კი არა.

"კომუნიზმის მენტალიტეტში ვართ, ამირან გამყრელიძეს დიდ დარბაზებში წარმოუდგენია რესტორანი, როცა ადამიანები ქეიფობენ, ყანწებს სვამენ. სხვა მიმართულებით ვერ წარმოუდგენია. ის ცხოვრობს წარსულში, დღეს სხვა რეალობაში ვართ.

მე მასთან მაქვს კონტრ შეკითხვა. თბილისში გვაქვს ფეშენებელური სასტუმროები, სადაც ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიძინოს სასტუმროს ნომერი10 დან 30 ლარამდე , რომელითაც არ ისარგებლოს, მივიდეს რესტორანში და მიიღოს სრული სარესტორნო მომსახურება - სადილი, ვახშამი, ჩილიმი. ამ შემთვევაში თუ არ ხდება ინფექციის გავრცელება და ეს კანონით არ არის აკრძალული რა განსხვავებაა სასტუმროში მდებარე რესტორანსა და 30 მეტრში მდებარე რესტორანს შორის, რომელსაც კანონით ეკრძალება საქმიანობა? ამ კითხვაზე თუ გამცემს პასუხს ბატონი ამირანი მე ჩემს ყველა რეპლიკაზე მოვიხდი ბოდიშს.

დღეს 200-მდე რესტორანია საქართველოს მასშტაბით, რომლებიც შაბათს აპირებენ გახსნას და მუშაობას. 

შრომის ინსპექცია როცა მოვა წავიყვან სასტუმროს რესტორანში და თუ იქ რაიმე განსხვავებული დახვდება მაშინ დაგვაჯარიმოს" - განაცხადა რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში