პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრა გამართა 

02 თებერვალი 2021, 14:34 1161 ნახვა

EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ წარმატებული, სამაგალითო თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლის შედეგად ბოლო წლებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყნის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და კერძო სექტორის განვითარების მიზნით გაწეულ მხარდაჭერას, რომლის ფარგლებში ჯამში 4 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების 250-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე და EBRD-ის მხარდაჭერის კრიტიკულ მნიშვნელობაზე პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენისთვის. ასევე ხაზი გაესვა ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მნიშვნელობას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებას და სტრუქტურული რეფორმების განსაზღვრას, რომელთა განხორციელება, პოსტპანდემიური ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებით, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. EBRD-ი არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD-ი უკვე ახორციელებს საქართველოში, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოსექტორის, სტრუქტურული რეფორმების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და EBRD-ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რათა ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს. უმნიშვნელოვანესია EBRD-ის დახმარება კერძო სექტორისთვის. მოგეხსენებათ, კერძო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს ასეთი დახმარებისთვის.

უმნიშვნელოვანესია ის სფეროები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სტრუქტურული რეფორმები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს და გამოვთქვა იმედი, რომ, ახალი საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რომელზეც EBRD-მა მუშაობა უკვე დაიწყო, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მიმდინარე პროგრამა იყო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

EBRD-ის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულება, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას.

''მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს.

ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე.

ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით.

ჩვენი ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით. რა თქმა უნდა, ვეხმარებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია“, - აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.

საქართველოსა და EBRD-ის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე საუბრისა და ახალ პერსპექტივებზე მსჯელობისთვის გიორგი გახარიამ ოდილ ღენო-ბასო საქართველოში მოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში