რა მოთხოვნები აქვთ სავაჭრო ცენტრების მფლობელებს

27 იანვარი 2021, 13:20 1269 ნახვა

კომენდანტის საათის 22:00 საათამდე გახანგრძლივება, შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება - ეს არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომელსაც სავაჭრო ობიექტების მფლობელები, დღეს, ვიცე-პრემიერთან შეხვედრის დროს დააყენებენ. 

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. პირველი თებერვლიდან მოლები მუშაობას განაახლებენ, მათ გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. 

სავაჭრო ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში წესების დაცვით მუშაობდნენ და გახსნას პრობლემები არ შეუქმნია. 

''რეალურად ჩვენმა სექტორმა აჩვენა, როგორ შეიძლება წარმატებულად მართო პროცესები პანდემიის პირობებში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ ერთ მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ ყოფილა. ამიტომ ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი მთავარი პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმიტომ რომ 17 000 ადამიანი სამსახურში როგორ უნდა მოვიდეს და წავიდეს კითხვითი ნიშნის ქვეშ არის. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ არის დამუშავებული, ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების ნაწილში. ვისაუბრებთ კომენდანტის საათის გადაწევაზე, ერთი საათით მაინც, რომ სავაჭრო ცენტრმა 8 საათამდე იმუშაოს. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. 

რაც შეეხება დასაქმებულების ტესტირებას, მთავრობამ პირველ ეტაპზე ეს მოთხოვნა გაითვალისწინა და კვლევებს  სახელმწიფო დააფინანსებს'' - განაცხადა ''თბილისი ცენტრალის'' დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა. 

მოლების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ დასვენების დღეებში მუშაობა ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება და  შეზღუდვის მოხსნას მოითხოვენ. 

"აქამდე რა რეგულაციებიც იყო ჩვენ წარმატებით ვმართეთ. ახლაც არსებობს საშუალება, რომ ეს უფრო კარგად გავაკეთოთ, იმისათვის, რომ ბიზნესმა მეტი შვება იგრძნოს და პლუს ზიანი არ მივაყენოთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. ჩვენთვის საინტერესო თემაა შაბათ-კვირის შეზღუდვების მოხსნა. იმის გამო, რომ ნაკადები დაბალია თებერვალში დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს შაბათ -კვირას ვიმუშავებთ თუ სამუშაო დღეებში. ბიზნესის თვალსაზრისით კი ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.

ამოცანა  არ არის, რომ  მხოლოდ გავხსნათ, ამოცანა არის, რომ ეკონომიკამ სარგებელი მიიღოს. ასე მეტ სარგებელს მიიღებს და ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც არ დაზარალდება" - განაცხადა „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა. 

"თუ იხსნება ბიზნესი მომგებიანი უნდა იყოს მისი გახსნაც. ეს არ უნდა იყოს გახსნა გახსნისთვის. ბიზნესმა უნდა მიიღოს ამით სარგებელი. ჩვენი ძირითადი თხოვნაა, რომ შაბათ-კვირას შევძლოთ მუშაობა, გადანაწილდება მომხმარებელი და არ იქნება კონცენტრაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, კარგი იქნება თუ გაიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გადაიწიოს კომენდანტის საათი. გამომდინარე იქიდან, რომ 9 საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი, მაღაზიების დაკეტვა გვიწევს 7 საათზე, სამუშაოდ ძალიან მოკლე პერიოდია და ნაკადების გადასანაწილებლადაც კარგი იქნება.

კომპანიებს თანამშრომლების გადაადგილება საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ეს ხარჯები, დღეში 3000-დან 7000 ლარამდე აღწევს"- განაცხადა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" ხელმძღვანელმა ზურაბ შავლაყაძემ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი