13 ბიზნეს ასოციაციის მოთხოვნა მთავრობას - ამუშავდეს ეკონომიკა

20 იანვარი 2021, 11:30 1974 ნახვა

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, დღეს, ბრიფინგი გამართეს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა შესთავაზეს. მათი თქმით, ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია,  რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ინიციატივა რამდენიმე პუნქტს მოიცავს. პირველ რიგში უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. განახლდეს ფრენები ყველა მიმართულებით. ამუშავდეს სარესტორნო ბიზნესი და სასტუმროები. ასევე გაიხსნას სავაჭრო ობიექტები. 

მიმართვის ავტორები ასევე ითხოვენ დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების.

''დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1 თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა, უფრო მეტიც, სხვადასხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე (ე.წ მესამე ტალღა).

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა).
უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის
ამოქმედებული ბიზნეს სექტორი.

სანამ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა და შექმნილი მდგომარეობიდან მცირე გამოსავალი, აუცილებელია, ეპიდემიოლოგთა მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება!
აუცილებელია:


1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საავტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით). გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ; 


2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერთაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას.


3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით);
სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე.


4. შიდა და გარე ტურიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით, ნება უნდა მიეცეს ყველა სასტუმროს, რომ აღადგინოს მუშაობა. 


5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება, ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.


6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების. საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი რეგიონების ამუშავების და გადარჩენის პერსპექტივა. თუ კი ამის მისაღწევად აუცილებელია მასიური ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის
სუბსიდირება.


ვიმედოვნებთ რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს  ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს, უკვე ისედაც, მძიმე მდგომარეობა'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში