ბუკნარში, გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა 

13 იანვარი 2021, 21:43 1628 ნახვა

ბუკნარში გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა, შეთანხმებით დასრულდა.

ჩოხატაურის მერის, ირაკლის კუჭავას განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია, ორივე თემი ჩვეულებრივად გააგრძელებენ ლოცვას. 

"შედგა საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ ურთიერთგაგების ფონზე შეხვედრა, ორივე მხარე, თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც ​ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას და ლოცვას. არც არავის ხელი არ შეეშლება, რადგან ეს არის სეკულარული სახელმწიფო. ეს არის ადამიანების უფლებების დაცვის მქონე სახელმწიფო. აქედან გამომდინარე თანასოფლელები, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე გააგრძელებენ თანაცხოვრებას"- აცხადებს ჩოხატაურის მერი.

მუნიციპალიტეტის მერის ამ კომენტარს ადგილზე შეკრებილების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, აუცილებელია შეთანხმება ოფიციალურ დოკუმენტად გაფორმდეს.

მერიის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან ბათუმიდან ჩასული, მუსლიმი თემის მხარდამჭერები. მათი ნაწილი ამბობს, რომ არ დაიშლებიან, რადგან არ ენდობიან ზეპირ შეთანხმებას. ასევე ამბობენ, რომ კითხვები აქვთ ქობულეთი გურიის მუფთთანაც.

"გვინდა, რომ სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა. ბუკნარი არ არის ცალკე პრობლემა. მუსლიმი თემის უფლებების საკითხი მთელ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული, სანამ ამას არ მივაღწევთ არ დავიშლებით აქცია გაგრძელდება. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მერს და აქ მყოფ ადამიანებს არ ვენდობი. აქ ვრჩებით, ხალხს ველოდებით. მუფთან ​სერიოზული კითხვები გვაქვს. რატო არ არის აქ, როცა ჩვენ ამდენი ხალხი ვართ შეკრებილი. წინამძღოლთან გვაქვს კითხვები, წინამძღოლიც ამათი კაცია, მათი დანიშნულია, არ არის არჩეული. ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი და გადასაწყეტი სახელმწიფო დონეზე", - აცხადებს რეზო წულუკიძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი