რა საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება - ფინანსთა მინისტრის განმარტება 

08 იანვარი 2021, 17:56 1779 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა იმ საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბიზნესს უწესებს.

ივანე მაჭავარიანმა საგადასახადო კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ბიზნესის მხარდაჭერა.

„რაც შეეხება იმ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ტიპის დახმარება განვახორციელოთ. პირველი ის, რომ 2020 წლის პირველი დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ეს შეღავათის არსი მდგომარეობს შემდეგში:  დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ეს არის ზუსტად ისეთივე ზომა, რაც იყო გაზაფხულზე გაკეთებულ საკომპენსაციო პაკეტში. აქ ნავარაუდევია 42 ათასზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 ათასი პირი. წინა შემთხვევაში ეს იყო სადღაც 425 ათასამდე ადამიანი. ამის სავარაუდო თანხა 270 მილიონი ლარია.

მეორე შეღავათი, რომელიც ცვლილებების შედეგად შეგვიძლია, მივცეთ და გავუკეთოთ ბიზნესს, ეს არის ის, რომ  2020 წლის პირველი დეკემბრიდან მომდევნო ექვსი კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის, ლიზინგის მომსახურების დღგ დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში.ეს არის ე.წ. საკასო მეთოდი, ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა და დეკლარირება. ეს სფერო ითხოვდა ამ შეღავათს და ამ გადავადებას, ახალი დაბეგვრის მოდელით, რომელიც დარიცხვის მეთოდზე არის. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ შეღავათი ექვსი თვით დაწესდეს.

შემდეგი 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში, აქ შედის არის სასტუმროებიც და რესტორნებიც, ამ შეღავათით ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისარგებლებს ათასზე მეტი კომპანია, სადაც დასაქმებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი. ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.

2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი ტურისტულ სექტორს, ამის საფუძველზე ჩვენ, დღეს, მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ  ჩამოვაწეროთ ეს და ოდენობა დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თავის დროზე, დაახლოებით 1000-მდე კომპანიამ ისარგებლა ამ გადავადებით“, – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში